ქეთინო, გამოიცანი!

გ ა მ ო ც ა ნ ა :
მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიადის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი,
დიადი,
ზვიადი,
ნაზი და კეთილი
იძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.

პ ა ს უ ხ ი :
ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიადი,
დიადი,
რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია,
არა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას დედა.

გ ა მ ო ც ა ნ ა :
ყველაზე ძლიერი,
ყველაზე მამაცი,
ლამაზი ფაფარით,
ძლიერი ტორით,
გრუხუნა,
ბრუხუნა,
სამართლის გამჩენი,
ქვეყნად რომ არა ჰყავს
ტოლი და სწორი.

პ ა ს უ ხ ი :
გრუხუნა?
ბრუხუნა?
ძლიერი, მამაცი?
ნეტავი რად უნდა
მიხვედრა ამას?
შენ ლომი გგონია?
არა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას მამა.

ავტორი: ნოდარ დუმბაძე.

Sidebar