ფარნავაზი ძვ. წ. IV – III ს.

მეფე ფარნავაზი იყო საქართველოს პირველი ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებლი, ანბანის გამავრცელებლი , ქართული მწიგნობრობის ფუძემდებლი. 302-237 ძვ. წ. მისი ცხოვრება აღწერილია ქართველთა უმთავრეს საისტორიო, ეროვნული სიწმინდის ხარისხამდე ამაღლებულ წიგნში, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ ეწოდება .

ფარნავაზ მეფის მამის სახელი მემატიანისათვის უცნობია . ფარნავაზი „იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა“ მისი გენეალოგია, ასეთია:

ფარნავაზის გენიალოგია
ფარნავაზის გენიალოგია

დიდი ხნის შემდგომ გამოჩენილა ალექსანდრე მაკედონელი. იგი სხვა ქვეყანათა დაპყრობის შემდგომ შემოსულა ქართლში, სადაც მას უხილავს მკვიდრნი ქვეყნისა; უნდა ითქვას, რომ აქ მემატიანეს მიერ გადმოცემული ამბავი აშკარად არეულია, ჩანს არა მარტო სხვადასხვა წყაროს, არამედ სხვადასხვა კონცეფციის გავლენაც. მაგალითად, როგორც ვიცით, სხვა წყაროს, „მოქცევაი ქართლისაის“ – კონცეფციის თანახმად, ქართველები სამხრეთის „არიან-ქართლის“ ქვეყნიდან გადმოსახლებულან მაკედონელის დროს. მათ ამ ქვეყანაში დახვედრიათ უცხო ერი, „ქართლის ცხოვრების“ კონცეფციით კი ქართველობა ხალხად ყალიბდება საქართველოს მიწა-წყალზე, ე.ი. არ გადმოსახლებულა. ზემოაღნიშნული ამბის გადმოცემის დროს, როგორც აღინიშნა, ეს ორი კონცეფცია ერთმანეთშია არეული. მაგალითად, მაკედონელს ქართლში ხვდება ქართველობა და… უცხო ერი – ბუნთურქები და ყივჩაღები. აქ, ცხადია, აღებულია „მოქცევაის“ ამბავი, რომელიც სათანადოდ არაა შეჯერებული „ქართლის ცხოვრების“ კონცეფციასთან.

ქართლში შემოსვლის შემდგომ ალექსანდრე მაკედონელი შეებრძოლა და დაამარცხა ზოგიერთ კუთხეში მცხოვრები არაქართული ტომები – „მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყვევნა და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი“ (ქ.ც. I, გვ. 18). არაქართველთა მოსპობის შემდეგ დარჩენილ ქართველ მოსახლეობას (ქართლოსიანებს) პატრიკად დაუტოვა მაკედონელი აზონი, იარედოსის ძე. მას ემორჩილებოდა 100000 რომაელი ქვეითი.

მათი სარწმუნოება, მემატიანეს გადმოცემით, ასეთი იყო: ებრძანა აზონს ალექსანდრეს მიერ ქართველთა ქვეყანაში დანერგილიყო თაყვანისცემა მზისა, მთვარისა, ხუთი ვარსკვლავისა, მსახურება უხილავი ღმერთისა, ყოვლის დამბადებლისა. ალექსანდრეს წასვლის შემდგომ აზონმა მიატოვა ეს სარწმუნოება – „იწყო კერპთმსახურებად და შექმნნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: „გაცი და გაიმ“. აზონი სასტიკი და სისხლიანი კაცი ყოფილა, მას ქართველთათვის იარაღის ტარების ნებაც კი არ დაურთავს – გაუცია ბრძანება: „ყოველმან ქართველთაგანმან, რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალით იგი“. – „და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა“. სწორედ ასეთ დროს გამოჩენილა ფარნავაზი – ქართველთა განმათავისუფლებელი. სიყრმიდანვე კავკასიის მთებში ლტოლვილი ფარნავაზი სახელოვან ვაჟკაცად აღზრდილა. ის „იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი“. მცხეთაში დაბრუნების შემდგომ ის გაუცნიათ აზონისათვის, როგორც სახელგანთქმული მონადირე. „შეიყვარა იგი აზონმან მონადირეობისათვის“. აზონთან დაახლოებას დიდად შეუშინებია დედა ფარნავაზისი, ევედრებოდა შვილს დაეტოვებინა მცხეთა, ქართლი და წასულიყვნენ, რათა აზონის ხელს დასხლტომოდნენ. მართლაც ოჯახმა გადაწყვიტა სხვაგან, ფარნავაზის დედის ქვეყანაში გადასახლება. მემატიანე განაგრძობს:

მაშინ იხილა ფარნავაზმა სიზმარი, თითქოსდა იგი იყო ერთ უკაცურ სახლში, უნდოდა გასვლა და ვერ გადიოდა. მაშინ სარკმლიდან შემოვიდა მზის სხივი შემოერტყა წელზე, გაიზიდა და გაიყვანა სარკმელიდან. და როდესაც ველზე გავიდა მზე, ფარნავაზმა ის იხილა დადაბლებული, ხელით შეეხო მზის პირს, მოხოცა ცვარი და იცხო თავის პირზე. გაიღვიძა ფარნავაზმა, გაუკვირდა და თქვა – ეს სიზმარი ალბათ დედაჩემის სამშობლოში ჩასვლის შემდეგ ამიხდება, იქ სიკეთეში ვიქნებიო.

იმ დღეებში ფარნავაზი სანადიროდ გაემართა და დიღმის ველზე ირმებს გაეკიდა. ირმები თბილისის ხრიოკებისაკენ გაიქცნენ. მისდევდა ფარნავაზი, სტყორცნა ისარი, ჰკრა ირემს, მან ცოტა გაიარა და დაეცა კლდის ძირში. ამასობაში დაღამდა, ჩამოქვეითდა ფარნავაზი და ირემთან გადაწყვიტა ღამის გათენება. ამ დროს გაწვიმდა ძლიერ. კლდის ძირში ფარნავაზმა გამოქვაბული შეამჩნია, ამოქოლილი. ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი, რათა სიმშრალეში შესულიყო. შევიდა შიგნით და იხილა განძი მიუწვდომელი, ოქრო და ვერცხლი, უთვალავი ჭურჭელი ოქროვერცხლისა. ძლიერ გაუკვირდა, აღივსო სიხარულით და გაახსენდა სიზმარი. ისევ ამოქოლა გამოქვაბულის კარი. უთხრა ეს ამბავი დედასა და ორ დას. გამოიტანეს ეს განძი მალვით. ამის შემდგომ აზონის ქმედება მიუთითებს იმის შესახებ, თუ რა ძლიერი იყო იმ უძველეს დროსვე, ქრისტეშობამდე ასწლეულებით ადრე, ქართველთა შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობა და ქართველ ტომებს როგორ ჰქონდათ შენარჩუნებული ეთნიკური ერთიანობის სიმძაფრე. განძის პოვნით უცებ გამდიდრებულმა ფარნავაზმა, უპირველეს ყოვლისა, გაგზავნა თავისი წარმომადგენელი ეგრისის დასავლურ ქართული საერისთაოს მეთაურთან – ქუჯისთან და შეატყობინა მას მომხდარი ამბავი. ფარნავაზმა შეუთვალა სურვილი, თავისი განძით მისულიყო ქუჯისთან და ერთიანი ძალით შებრძოლებოდნენ აზონს – ქართველთა ქვეყნის დამპყრობელს.

ფარნავაზმა და ქუჯიმ მოილაპარაკეს ოსებთან და ლეკებთან, ისინი სიხარულით დათანხმდნენ აზონის წინააღმდეგ აჯანყებას, რადგანაც არ სურდათ მისთვის ხარკის მიცემა. მათგან მიიღეს დამხმარე სამხედრო ძალა, ეგრისში შეიკრიბა უთვალავი სპა. შეუტიეს აზონს. აზონი დამარცხდა და თავი შეაფარა კლარჯეთს. ფარნავაზი შევიდა მცხეთაში, იმავე წელს დაიმორჩილა „ყოველი ქართლი“, კლარჯეთის გარდა – ასე წერს მემატიანე, – „დაიპყრა ყოველი ქართლი თვინიერ კლარჯეთისა“, აქ უთუოდ „ყოველი ქართლის“ ქვეშ იგულისხმება როგორც აღმოსავლეთი, ასევე დასავლეთი საქართველო – სწორედ დასავლეთ საქართველო წარმოადგენდა ფარნავაზის საყრდენ ბაზისს აზონის წინააღმდეგ აჯანყებისას.

აზონს ფარნავაზის წინააღმდეგ ომში დაეხმარა „საბერძნეთი“ – მისგან მიიღო დიდძალი დამხმარე ძალა, სამაგიეროდ ფარნავაზს – „ასურისტანის მეფე ანტიოქოზი“. კიდევ ერთხელ შეებრძოლნენ ერთმანეთს აზონისა და ფარნავაზის ჯარები – არტაანის ნაქალაქევში, რომელსაც ჰური ანუ „ქაჯთა ქალაქი“ ერქვა. ბერძენთა ჯარები დაამარცხეს ქართველებმა, მოკლეს აზონი, შეიჭრა ფარნავაზი საბერძნეთის საზღვრებში – შევიდა ანძიოძორში და უკან დაბრუნდა ეკელეცის გზით. კლარჯეთი შეუერთა თავის სამეფოს და დაბრუნდა მცხეთაში.

ქართლის სამეფოს საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით დაიდო მდინარე ეგრისწყალზე. ამ მდინარის მარჯვენა სანაპიროც (ისევე როგორც მარცხენა) წარმოადგენდა ეგროსის წილს, ე.ი. წარმოადგენდა ეგროსის შთამომავალთა საცხოვრისს (ვიდრე ხაზარეთის მდინარემდე „საცა წარსწუდების წუერი კავკასისა“), მაგრამ ეგრისწყალსა და ხაზარეთის მდინარეს (ე.ი. მდ. ეგრისწყალსა და მდ. ყუბანს) შორის მცხოვრებმა ეგრისელებმა არ ინებეს განდგომა „ბერძენთა“ სახელმწიფოსაგან და შესვლა ფარნავაზის სამეფოში. საზღვარი „ყოველი ქართლისა“ ამ მიმართულებით დაიდო მდინარე ეგრისწყალზე. მემატიანე წერს – „ხოლო ეგრისწყალს ქვემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა“, ხოლო ეგრისის მეორე ნაწილი შევიდა ქართლის სამეფოში, თავისი სახელმწიფო ფარნავაზმა დაყო საერისთავოებად. პირველთა შორის მემატიანე ასახელებს ეგრისს და მის ერისთავს ქუჯის. ის გახდა სიძე ფარნავაზისა და მიიღო საერისთავოდ ყოველი ქართლის ქვეყანა ეგრისწყალსა და რიონს შუა. მან ააშენა ციხე-გოჯი. მარგვეთის საერისთავოში შედიოდა მიწები მდინარე რიონსა და ლიხის მთას შორის. შემდეგი საერისთავოები იყვნენ კახეთში, ხუნანში, სამშვილდეში, წუნდაში, ოძრხეში, კლარჯეთში. ერთი ერისთავი დაადგინა – სპასპეტად, მას შიდა ქართლიც მიეცა საგამგეოდ, ის წარმოადგენდა მეფის შემდეგ პირველ თანამდებობის პირს, ყველა ერისთვის განმგებელს. თავის მხრივ ერისთავებს ემორჩილებოდნენ სპასალარები და ათასისთავები, მათგან შემოდიოდა საერისთავო და სამეფო ხარკი.

ფარნავაზმა ააშენა ალექსანდრე მაკედონელის მიერ საქართველოში დანგრეული ქალაქები და ციხეები, დედაქალაქ მცხეთას კი შემოავლო გალავანი.

ფარნავაზს შეუქმნია თავის სახელზე – კერპი არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზი ერქვა. ეს არმაზის კერპი აღმართა ქართლის მთის თავზე. დიდი დღესასწაული გადაიხადა კერპის აღმართვისას.

გამეფებისას 27 წლის იყო. 65 წელი ნებიერად იმეფა. „აღაშენა და განავსო ქართლი“.

ფარნავაზმა საქართველო ცხრა საერისთავოდ ჩამოაყალიბა.
ფარნავაზმა საქართველო ცხრა საერისთავოდ ჩამოაყალიბა.

  1. არგვეთის საერისთავო („მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ“);
  2. კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო („მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი“);
  3. ხუნანის საერისთავო („მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი“)
  4. სამშვილდის საერისთავო („მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი“);
  5. წუნდის საერისთავო („მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი“);
  6. ოძრხეს საერისთავო („მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა“);
  7. კლარჯეთის საერისთავო („მისცა არსიანითგან ზღუამდე“);
  8. ეგრისის საერისთავო („ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა … მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“).

ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა, რის გამოც ქართულის გარდა სხვა ენა საქართველოში არ იხმარებოდა. მანვე შექმნა ქართული მწიგნობრობა.

სიკვდილის შემდეგ არმაზის კერპის წინ დაასაფლავეს.

ქართლის, ანუ იბერიის ერთიანი დიდი სახელმწიფოს წარმოქმნას მეცნიერები ქრისტეშობამდე IV-III საუკუნეებით ათარიღებენ.

ფარნავაზისა და მისი მემკვიდრე მეფეების ანუ ფარნავაზიანების დროს მცხეთაში – სამეფოს დედაქალაქში, შენდებოდა ციხესიმაგრეები, სხვადასხვა ნაგებობანი, კიდევ სხვა კერპებიც აღუმართავთ. ფარნავაზის მიერ არმაზის აღმართვის შემდგომ მეფე საურმაგმა აღმართა კერპი აინინა, იწყო არმაზის ციხე-ქალაქის შენება. მეფე მირვანმა დანინას კერპი აღმართა, დაასრულა არმაზის მშენებლობა. მეფე ფარნაჯომმა კერპი ზადენ მთაზე აღმართა, ციხეც აუშენა. არსოკ მეფემ – ქალაქს სხვა ზღუდე შემოავლო. მეფე არტაგს კი არმაზში შიდა ციხე (აკროპოლისი) აუშენებია.

მათი შემდგომი მეფეები უკვე საკუთრივ მცხეთას აშენებდნენ, ანუ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქალაქს.

წყარო: საქართველოს წმიდა მეფეები .

Sidebar